ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი და ჟურნალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ლექტორი და ჟურნალისტი, - ნოდარ ტაბიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ნოდარ ტაბიძემ არაერთი ქართველი ჟურნალისტი აღზარდა და მართლაც დიდია, მისი ღვაწლი ქართული ჟურნალისტიკის განვითარების საქმეში. ის იყო უდიდესი მამულიშვილი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, თავის საყვარელ საქმეს, ჟურნალისტების აღზრდას და დიდი ბიძის, გალაკტიონის სიყვარულს შეალია.
ნოდარ ტაბიძე წლების განმავლობაში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.
იგი დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.
ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. ასევე, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი და დიდი წვლილი მიუძღვის მის განვითარებაში.
„რეპორტიორი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და სრულიად საქართველოს.