logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
- +

18 სექტემბერი. 2016. 15:48



საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე - დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადილებები; ესტონეთის, საქართველოს,  კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე - ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე -  ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს,  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე,  სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას  და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს შეხვდება.


მოლაპარაკებები გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა  მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და  ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner