"ქართული ოცნება" მთავარ წინსაარჩევნო აქციას თბილისში 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე გამართავს.
დეტალები ჯერერობით უცნობია, თუმცა "ოცნების" თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მხარდამჭერებს, სავარაუდოდ, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოიყვანენ.
"შეკრების თაობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება დასკვნითი, ბოლო აკორდი არჩევნების წინ. საორგანიზაციო საკითხებში ჩასახედად დრო არ მაქვს. ასე რომ, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. რა თქმა უნდა, ამ აქციაზე გარკვეული რეგიონებიდან მხარდამჭერები ჩამოვლენ.
"ვერც იმას გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება თუ არა აღნიშნულ აქციას, რადგან მაჟორიტარად ვარ წარდგენილი თელავისა და ყვარლის რაიონში და არ მაქვს დრო ამ საორგანიზაციო საკითხებში ჩარევისთვის", - გვითხრა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო დასკვნითი აქცია "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის 29 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გამართა. მაშინ "ოცნების" შემაჯამებელ აქციას რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დაესწრო.