ავტორი ანა ნონიკაშვილი
„დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ასეთი მშვიდი, გაწონასწორებული, წყნარი, 21-ე საუკუნის პოლიტიკისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია არ ყოფილა",- ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც აბესაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მშვიდობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ისტებლიშმენტის პოლიტიკურ გაზრდას და საარჩევნო კულტურის სტანდარტების განვითარებას. აბესაძემ აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია, აღნიშნულ მემორანდუმს პირველ რიგში „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწეროს ხელი.
„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები არის ერთ-ერთი სამაგალითო და პირდაპირი მნიშვნელობით, ევროპული პოლიტიკური განსაზღვრა საქართველოში, რომლის გარანტიაც ხელისუფლებაა. დღეს ყველაზე მეტად ვისაც არ აწყობს არეულობა არჩევნებზე, არის ხელისუფლება. ჩვენი მხრიდან გამოვრიცხავ ყველანაირ დესტაბილიზაციას და სახელმწიფო ინსტიტუტები არიან სრული გარანტი, რომ ნებისმიერი პროვოკაცია იქნება დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით.
მშვიდობის მემორანდუმი სწორედ იმას ემსახურება, რომ საქართველოში ისტებლიშმენტი პოლიტიკურად გაიზარდოს და აღარ იყოს გარკვეული ტიპის დაპირისპირებები, როგორც ხდებოდა ადრე. ეს უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ საქართველოში საარჩევნო კულტურა მაღალი სტანდარტების იყოს. ვფიქრობ, ყველა პარტია გაითავისებს, რა ვალდებულება ეკისრება აღნიშნული მემორანდუმით და ზოგადად რა ვალდებულებაა, ქმნიდე პოლიტიკურ ამინდს საქართველოში და არ იყო დესტაბილიზაციაზე ორიენტირებული, ეს ძალიან კარგია. მშვიდობის მემორანდუმი იქნება საჯარო ლეგიტიმური დოკუმენტი, რომლის წინაშეც ყველა ხელმომწერი ანგარიშვალდებულია.
ჩემი დიდი სურვილია, პირველ რიგში მემორანდუმს ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწეროს, რადგან პროვოკაციების ყველაზე დიდი საფრთხე მოდის სწორედ „ნაციონალური მოძრაობისგან",- განაცხადა აბესაძემ.