26 მაისის მიტინგის დარბევის ამსახველი, ახლად აღმოჩენილი კადრების გავრცელებას სოზარ სუბარი გამოეხმაურა. მისი თქმით, კადრების საზოგადოებისთვის წარდგენა მაშინ მოხდა, როცა შეგროვდა მტკიცებულებები.
"საზოგადოებისთვის საქმეების წარდგენა ხდება მაშინ, როცა არის მტკიცებულებები დადგება შედეგი."- განმარტა მან TV-პირველის ეთერში და განაცხადა, რომ სულ მალე საზოგადოება კიდევ ერთი გახმაურებული საქმის გახსნის მოწმე გახდება.
„მე ვიცი ერთი კონკრეტული საქმე, რომელიც ახლა ბოლომდეა მიყვანილი, ძალიან გახმაურებული და ძალიან სერიოზული საქმეა, მაგრამ ზუსტად როდის იქნება ამ საქმის საზოგადოებისთვის წარდგენა, ამის შესახებ მე არ ვიცი. არ დავასწრებ პროკურატურას. თუ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, შეიძლება ხვალვე იყოს, შეიძლება არჩევნების შემდეგ. მე ინფორმაცია მაქვს არა პროკურატურისგან, არამედ იმ ქალბატონისგან, რომელმაც უდანაშაულოდ მოიხადა 7 წელი. მტკიცებულებები, რომლებიც მას ამართლებს, დღეს გამოჩნდა. დღეს ის რვეულები გამოჩნდა, რომლებიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს. ეს არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანი და დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ადამიანი 7 წლის განმავლობაში აბსოლუტურად უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს. პატარა მინიშნებას გავაკეთებ-მე ჩემს ანგარიშში მას პოლიტიკური მძევალი ვუწოდე, როცა ვიყავი სახალხო დამცველი." -განაცხადა მან.