logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: ტარანი გამიგია თვლით, მაგრამ დაკავებულების თვლით ჩაბარება აღარ გამიგია
- +

21 სექტემბერი. 2016. 12:14


 

„იმ სიტყვებმა, რაც ჩვენ მოვისმინეთ დათა ახალაიასგან, გამახსენა ქართული ანდაზა „ტარანი თვლითააო". ტარანი გამიგია თვლით, მაგრამ დაკავებულების თვლით ჩაბარება აღარ გამიგია",- ამ სიტყვებით აფასებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე საქართველოს პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს.


როგორც „რეპორტიორთან" საუბრისას ოგბაიძემ განაცხადა,  უნდა მოხდეს აღნიშნული საქმის ყველა დეტალის გამოძიება.


„ახლა იოლია ამაზე საუბარი. ორმაგი შეგრძნება მეუფლება. ერთი ის, რომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მეორე არის გულდასაწყვეტი, რომ ამდენი დრო ფუჭად დაიკარგა. ამ საქმეს სჭირდებოდა გამოძიება. ოთხი წელი რატომ იყო შემოდებული ეს საქმე თაროზე? რატომ იყვნენ დაკავებული ჩვენი თანამებრძოლები? რატომ არ არიან პოლიტპატიმრები რეაბილიტირებულები? რატომ არიან ამნისტიით გამოსულები?

ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სახელით შეტანილი მაქვს განცხადება 2012 წლის ნოემბერში. კონკრეტულად ვასახელებ გვარს, ვინც მე დამაპატიმრა საოპერაციო მაგიდაზე. უკანონოდ დამაპატიმრეს, არავითარი საბუთი არ არსებობს, რომ მე დამაპატიმრეს და ბადრაგი დამიყენეს. ის ადამიანი ზრდილობის გამოც არ არის დაკითხული.

არცერთი ადამიანის საქმე არ არის გადახედილი და არ არიან რებილიტირებულები. მინდა, რომ ეს იყოს დასაწყისი, რეალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ამ სამართლიანობის აღდგენის უკან დგას რეალური ადამიანი, რომელსაც ჭრილობა აქვს სულზე, გულზე, ზოგს სიცოცხლე მოუსწრაფეს.

თავიდან რატომ არ მიმდინარეობს დაღუპული პოლიციელის საქმეზე გამოძიება? გონივრული ეჭვი მაქვს, განრისხება რომ გამოეწვიათ პოლიციელებში, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მას ბურჯანაძის ესკორტის მანქანა დაეჯახა. ძალიან ბევრი შეკითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს. წლები გავა და ეს კითხვები მაინც თავს იჩენს, ამიტომ ძალიან გულით მინდა ვისურვო, რომ ეს კადრები არის დასაწყისი, რომელიც ძირის ძირობამდე, თითოეული დაზარალებულის დონეზე დავა და ისინი აუცილებლად ნახავენ სამართალს. ასევე მინდა ვისურვო, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მეგობარი - ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად გაემიჯნოს ვინმე ჯონათანს, რომელიც იმ დარბევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო და თვალყურს ადევნებდა ოპერაციას. მას ხშირად იხსენიებს ვანო მერაბიშვილი, რომ რომელიღაც ამერიკული კომპანია ამართლებს ამ ოპერაციის სისწორეს.

დათა ახალაიას სასჯელი უკვე დაუდგინა უფალმა, რომ აი, ასეთია. ორი წლით მეტი ექნება თუ ნაკლები მისჯილი, მნიშვნელობა არ აქვს",- განაცხადა ოგბაიძემ. 


http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=23219


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner