ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილმ „ჰეროკრატიის" შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხალხის წინაშე სჩადიოდა.
„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელი იყო ძალიან სპეციალური, შეიძლება მსგავსი საქართველოს და ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საქართველომ გამოიარა ომები, ნგრევა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლების ასეთი ზეწოლა შეიძლება იყო უპრეცედენტო. ამ ფილმს ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერის შეფასებით, „რუსთავი 2"- ს და „ტაბულას" არ აწყობთ ამ ფილმის რეიტინგი და ისინი თანაუგრძნობენ ხელისუფლებას, რომელმაც ფილმში ასახული დანაშაულები ჩაიდინა.
„პირველ-მეორე სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ე.ი. მომეწონა. კარგად აღადგინა, რაც ხდებოდა.
მე არა მგონია, რომ უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რამეთუ ჩვენ ძალიან იოლად გავიგიავდით ფილმის გმირებში. კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როდესაც საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, განსხვავებული განცდები იქნება, ვიდრე როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე უყურებს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რეალობაზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.