logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ოკუპაციაზე: დადგა დრო, საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს
- +

22 სექტემბერი. 2016. 10:39




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს - ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ.



პრემიერის თქმით, დადგა დრო, რომ საქართველოს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.



ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაშიაფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს.

ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ.

მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე", - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო.



ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება.

 

რუსეთის ფედერაცია აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

 

ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას.

ერთიანი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა იქნება ნდობის აღდგენისა და შერიგების კიდევ ერთი სტიმული", - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner