„ქართული ოცნების" ახალი სახე სოფო ქაცარავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს წარმატებულად აფასებს.
სოფო ქაცარავას თქმით, პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა.
„ზოგადად, ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა იყო ძალიან წარმატებული. პრემიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. გამოვყოფ საგარეო კურსს, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ არის ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური. ზოგადად, ძალიან სწორი აქცენტები იყო მის გამოსვლაში დასმული. მან გაუსვა ხაზი რეფორმების პროგრესს და მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ შეეხო ასევე არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების საკითხს. ძალიან მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. გუშინ მოვისმინეთ აშშ-ის ელჩის განცხადებაც, ასევე დაიდო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა სოფო ქაცარავამ.