logo_geo
eng_logo
მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს
- +

ავტორი ანა ფერაძე

22 სექტემბერი. 2016. 21:40



დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.


სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს  საზოგადო მოღვაწეები,  მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.


მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.


„რეპორტიორი" გაესაუბრა პანაშვიდზე შეკრებილ საზოგადოებას და სცადა, მკითხველამდე მოეტანა ის განცდები, რასაც საზოგადოება ამ დიდი პიროვნების წინაშე გრძნობს.

 

 

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი: მერაბ ბერძენიშვილი თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი იყო. ის მემკვიდრეობა და შემოქმედება რომელიც მან ჩვენ დაგვიტოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, რომელიც კარგად ასახავს ქვეყნის ისტორიას, ქართველი კაცის ბუნებას. ვუსამძიმრებ ბატონი მერაბის ოჯახს და მთელ საზოგადოებას.

 

 

 

დავით ნარმანია, თბილისის მერი: მერაბ ბერძენიშვილი შესანიშნავი ადამიანი იყო, რომლის ანალოგიც ჩვენ არ გვყოლია და გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანი დავკარგეთ. მერაბ ბერძენიშვილმა ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა, რომელსაც სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ.



 

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი: მერაბ ბერძენიშვილი გენიალური პიროვნება იყო. საოცარია, როგორ გაძლო... რა აღარ გაუკეთეს, რა აღარ ჩაიდინეს... როგორ დაუნგრიეს ქუთაისში მემორიალი, იქ სადაც უფალი და ფერიები იყო გამოკვეთილი. როცა დავით აღნაშენებლის ძეგლი გადაიტანეს, მერაბს არც კი დაურეკეს და იმ ადგილზე ველოსიპედი დადგეს, რადგან მიხეილ სააკაშვილს ასე უნდოდა... ქვეყანა, რომელმაც არ იცის გენიალური შემოქმედის ფასი, ის ქვეყანა არ არის...

 

 

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: მერაბ ბერძენიშვილი უდიდესი პიროვნება, მებრძოლი და უნიჭიერესი ადამიანი იყო. ყოველთვის მართალი იყო და აი ასე განვლო მან მთელი სიცოცხლე. მერაბი დიდი დანაკლისია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.




 

ანზორ ერქომაიშვილი, მომღერალი:  მერაბმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ხელოვნებაში, რომელიც ახლა გათავდა. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მის პერიოდში მომიხდა ცხოვრება.  მისი შემოქმედება სამუდამოდ იცოცხლებს.



 

გოგი ქავთარაძე, პარლამენტის წევრი: დიდი პატრიოტი... ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი კაცი გარდაიცვალა, რომელიც  უკვდავი უნდა იყოს. მინდა ყველას მივუსამძიმრო მისი გარდაცვალება.




 

დიმიტრი ჯაიანი, მსახიობი: მერაბ ბერძენიშვილი საქართველოს ეკუთვნის. მერაბი დიდი მოქანდაკე და ერის კაცი იყო. ქედს ვიხრი მისი ნიჭის და კაცობის წინაშე.



 

ფრიდონ სულაბერიძე, მოცეკვავე:  მსოფლიოს დააკლდა დიდი ხელოვანი. არაჩვეულკებრივი ადამიანი, დიდი ქართველი, საოცარი პიროვნება რომელმაც ყველა თვარცლემლიანი დაგვტოვა.

 

 

 

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:  მერაბ ბერძენიშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. ძალიან  ბრძენი და მეგობრული კაცი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაუბრუნდეს იმ ადგილს სადაც თავიდან იყო.




 

გრიგოლ ჩიგოგიძე, „პიონერფილმის" ხელმძღვანელი: მერაბ ბერძენიშვილი „პიონერთა სასახლის" აღზრდილი იყო, რითაც  ძალიან ამაყობდა. ბოლო 15 წელი რასაც ის აკეთებდა, მთხოვდა რომ გადამეღო ხოლმე და მინდა გითხრათ, იგი ძლიან საინტერესო კაცი და დიდი პატრიოტი იყო.



 

ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის წევრი:  კარგად მახსოვს, როგორ მოქმედებდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას უჭირდა. მახსოვს 9 აპრილის შემდგომი პერიოდი და მერაბის გამოსვლები, შეფასებები. ჩვენ დიდი კაცი დავკარგეთ.

 

 

 

 

როინ მეტრეველი, ისტორიკოსი: მერაბ ბერძენიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით, თავისი შემოქმედებით გამორჩეული ადამიანი და უდიდესი მოქანდაკე იყო. არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის.



http://reportiori.ge/inside.php?menuid=75&id=23570


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner