ავტორი ანა ფერაძე
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „რეპორტიორთან" მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ხელოვანის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბ ბერძენიშვილმა ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას.
„მერაბ ბერძენიშვილი შესანიშნავი ადამიანი იყო, რომლის ანალოგიც ჩვენ არ გვყოლია და გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანი დავკარგეთ. მან ძალიან დიდი მემკვიდრეობა დატოვა, რომელსაც სათანადოდ უნდა გავუფრთხილდეთ", - აღნიშნა ნარმანიამ.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.