საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი მისი ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძეა, განაცხადა, რომ გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება და გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო.
მისი თქმით, შარვაშიძე განათლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მენეჯერია. ალექსანდრე ჯეჯელავამ ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა.
„გამოუცდელი ადამიანი თსუ-ს რექტორად არ გვჭირდება. გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო. შესაბამისად, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა განაცხადა, რომ ის პირობას აძლევს მოქალაქეებს, რომ თსუ-სა და ყველა სხვა უნივერსიტეტში იქნება დამოუკიდებლობა ნებისმიერი რექტორის შემთხვევაში.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, გია შარვაშიძის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ინტერესების გატარებას უნივერსიტეტში ის გამორიცხავს და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოს ინტერესები გატარდება, რაც ქვეყანას და ქართველ ახალგაზრდებს სჭირდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება, ერთ-ერთი კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძეა.