საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია „palitranews"-ის გადაცემაში „360 გრადუსი" სტუმრობისას ლევან ბერძენიშვილის შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც მას „ბანდიტი" უწოდა.
„რა თქმა უნდა, მე არ ვუპასუხე ლევან ბერძენიშვილის ამ განცხადებას. არ ჩავთვალე საჭიროდ. მე მიმაჩნია, რომ მან არასწორი შეფასება გააკეთა. მე მესმის, დიდია ნერვიულობა, რომ შესაძლოა მათი კანდიდატი ამ ოლქში დამარცხდეს, მესმის დაძაბულობის და ნერვიულობის ფორმა. ლევან ბერძენიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა პოლიტპატიმრების სიას, რომელშიც ვიყავი მე. ჩვენ მანამდე ურთიერთობის პრობლემა არ გვქონია. ლევან ბერძენიშვილი იყო აქტიური მხარდამჭერი, რომ მე დამეტოვებინა საპატიმრო, ის თვლიდა, რომ მე უკანონოდ ვიხდიდი სასჯელს, შესაბამისად, „რესპუბლიკელებიც" ამაში იღებდნენ მონაწილეობას", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
საბურთალოს მე-6 ოლქში რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის დავით უსუფაშვილი.
„დავით უსუფაშვილს დაუყენეს ლევან გოგიჩაიშვილი, რადგან ბანდიტი იყო და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება? ვერ გავიგე, რა მიდგომაა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ?" - აცხადებდა ლევან ბერძენიშვილი აგვისტოში „ინტერპრესიუსთან" საუბრისას.