„მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი საარჩევნო კამპანიას წყვეტს.
შატბერაშვილმა „კვირა TV"-ის გადაცემა „კვირის თემაში" განაცხადა, რომ მას ანონიმური წერილი გაუგზავნეს, სადაც მისი საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას მოითხოვენ. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილების თვითმკვლელობამდე მიყვანით ემუქრებიან.
„ჩვენ ვწყვეტთ საარჩევნო კამპანიას თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის რაიონებში, რადგან მივიღე ანონიმური წერილი, რომელიც იყო შვილების მიმართ მუქარის შემცველი. წერილში წერია, რომ ჩემს შვილებს მიიყვანენ თვითმკვლელობამდე, თუ არ შევწყვეტ საარჩევნო კამპანიას. შევწყვიტე არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ შვილების უსაფრთხოებას ვუფრთხილდები.
ამასთან, იყო მუქარის შემცველი ზარი და მაშინვე შევატყობინეთ დუშეთის პოლიციას, სადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დადგინდა ზარის ავტორი. ეს გახლავთ შალვა ნათელაშვილის პირადი მცველი - ვინმე თემურ წიკლაური, რომელიც დაკითხვაზე არ ცხადდება. ანონიმური წერილიც გადაცემულია დუშეთის პოლიციაში.
ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მე მართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, ვიყარო კენჭი, მემუქრებიან შვილებით და შეურაცხყოფას აყენებენ ჩემს გარდაცვლილ მშობლებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას შალვა ნათელაშვილი და ეჭვი არ მეპარება, რომ ანონიმური წერილიც მისი ინიციატივით გამომიგზავნეს", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.