საინფორმაციო სააგენტოებში ცეზარ ჩოჩელის შტაბის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მცხეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ხვდება კომისიის წევრებს და მათ არჩევნების გაყალბებისთვის ამზადებს. ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს:
„ის, რასაც ჩოჩელის შტაბის წევრები ავრცელებენ, არის სიცრუე და ცილისწამება. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, ამ მარტივი აზროვნების ნიმუშზე კომენტარი გამეკეთებინა, მაგრამ, რადგან აქ სხვისი ღირსება ილახება, ვალდებული ვარ, ღიად განვაცხადო და პასუხი გავცე მათ მიერ შეთითხნილ ბრალდებას. როგორც ჩანს, ცეზარ ჩოჩელი წარსულში დარჩა და ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, როგორ საქართველოში ცხოვრობს. ვისაც ეჭვი ეპარებოდა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში, ამერიკის ელჩმა ყველას მკვეთრი პასუხი გასცა. საკუთარ დადებით ემოციებს ვერ მალავენ მცხეთაში ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლებიც. ფაქტია, დღეს საქართველოში უპრეცედენტოდ სამართლიანი არჩევნები ტარდება. ეს დაინახა მთელმა მსოფლიომ, მაგრამ ვერ დაინახა ჩოჩელის ხალხმა, ან ცეზარ ჩოჩელი უკვე აგონიაშია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, არც გამგეობა, არც მერია და ჩვენი შტაბის არც ერთი წევრი არც ფიქრობს და ვერც იფიქრებს საარჩევნო მაქინაციებზე ელემენტარული მიზეზის გამო - ჩვენ ეს არ გვჭირდება და ჩვენ ამას არ ვიკადრებთ. გაყალბებული არჩევნები ჩვენ წარსულს, ჩოჩელის ხელისუფლებას ჩავაბარეთ. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, როდესაც ჩვენს ერთ-ერთ ღირსეულ წევრს, ხელოვანს და ცნობილ ახალგაზრდა პოეტს თენგიზ ხუციშვილს ცილი დასწამეს, რომ ის სხვის პლაკატებს ხევდა და ჩემსას აკრავდა, არის აბსურდული და ეს დაფიქსირებულია ფოტო და ვიდეო მასალაზე. არ შეიძლება იკადრო ის, რაც ყოველგვარ ზნეობას სცდება. მცხეთაში ვერ მიიღებენ ვერც საარჩევნო დარღვევას და ვერც უღირს ქმედებას „ქართული ოცნების" მხრიდან",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.