პარტია „ჩვენი სამშობლოს" წევრი გია კორკორტაშვილი „მარშალპრესის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სანდრა რულოვსთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც კორკოტაშვილი აღნიშნავს, რულოვსის მიმართ ბევრი ბრალდება არსებობს, რომლებსაც ფაქტებით დამტკიცება სჭირდება.
„ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ სანდრა რულოვსი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. პრეზიდენტის მეუღლე იყო და ბოლო-ბოლო მიშას სატელეფონო საუბრებს მაინც მოისმენდა, როდესაც მის გვერდით იმყოფებოდა. სანდრა რულოვსს საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდა ბევრ საკითხზე. არის გარკვეული ბრალდებები ამ ქალბატონის მისამართით, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდეა ჩემთვის ჰაერი, სანამ ფაქტები არ დაიდება. თუმცა, ადამიანებიც ვიცი, რომლებიც ამბობენ, „მე ვარ ის ადამიანი ვინც დაზარალდა ამ ქალბატონისგან". ჩემთვის ეს ქალბატონი მორალურად დამნაშავე იმაში უფროა, რომ მან იცოდა ეს ყველაფერი ხდებოდა და ხმას არ იღებდა. მთელი ეს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც მიშას ირგვლივს ტრიალებდა, ძალიან კარგად იცოდა. მორალის მქონე ადამიანს, შინაგანად არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოდიოდეს და ხალხს თავს აწონებდეს და ამბობდეს „მე ვიცი კაცო, იქ დანაშაულებები რომ ხდებოდა და აი, ყველაფერს ვფიცავარ, ხვალიდან ეგ დანაშაულებები აღარ იქნება". იქ არავინ დაინტერესებულა რა დანაშაულებებს გულისხმობდა ქალბატონი სანდრა, მაგრამ ჩემნაირმა ადამიანებმა, ხომ კარგად ვიცით, რა ჯოჯოხეთშიც ვიცხოვრეთ ეს ცხრა წელიწადი", - აცხადებს კორკოტაშვილი.