logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ : ზღვარს ნუ გადააბიჯებენ
- +

23 სექტემბერი. 2016. 23:40


 

„მე ველოდები, რომ შემდეგი განცხადება  „ნაციონალური" მოძრაობის რომელიმე წევრის მხრიდან იქნება, რომ  პირველი თაობის მედიკამენტი არა პროფესორმა შინაძემ, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღმოაჩინა",- ამ სიტყვებით პასუხობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას  განცხადებას.


„თავისთავად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იმხელა მასშტაბისაა, ჩვენ მართლაც დიდი ბედნიერება გვხვდა წილად, რომ შევძელით ამ პროექტის განხორციელება.  მე პირადად  ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება თავმდაბლად და მორიდებულად ვიყო, არ შევახსენო ხშირად მოსახლეობას ამის შესახებ და არ დავამადლო იმ ხალხს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ ამ პროექტის წყალობით. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელობას და ფუძემდებლობას. გავეცანი ბოკერიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას- თურმე 2012 წელს უკვე გადაწყვეტილი  და მიღწეული ჰქონდა საქართველოს მაშინდელ მთავრობას ეს მზაობა და შედეგი. შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის მედიკამენტი, ასპარეზზე გამოვიდა 2013 წლის ბოლოს. 2012 წელს რამდენიმე პრეპარატი გადიოდა ლაბორატორიულ შემოწმებას და მაშინ წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, თუ ეს პროცესი რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წელს წინასწარ განჭვრიტა, რომ 2013 წლის ბოლოს ეს პრეპარატი გამოვიდოდა. მე ველოდები, რომ შემდეგი განცხადება  „ნაციონალური" მოძრაობის რომელიმე წევრის მხრიდან იქნება, რომ  ეს მედიკამენტი არა პროფესორმა შინაძემ, არამედ „ნაციონალურმა მოძრაობამ" აღმოაჩინა და ისინი დაიწყებდნენ C ჰეპატიტის ელიმინაციას 2012 წელს, ჩვენ რომ არ დაგვეპაუზებინა, როგორც ამას თვითონ ამბობენ.  ყველაფერში ზომიერებაა საჭირო და ამ ზღვარს ნუ გადააბიჯებენ", - განაცხადა სერგეენკომ.



როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ეფექტურად განსახორცილებელად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც ქვეყნის მოქმედმა ხელისუფლებამ იზრუნა, რომელმაც პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თავად გადასცა სამედიცინო აპარატურა კლინიკებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მისი შეძენის საშუალება. აშენდა C ჰეპატიტის მართვის ცენტრები თბილისში, მალე გაიხსნება ზუგდიდშიც, სადაც ავადობა ყველაზე მაღალია. ეს ცენტრები მომსახურების სწრაფ და ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს. შეიქმნა მოძრავი ამბულატორიები, რომლებიც რეგიონებში მოსახლეობის უფასო სკრინინგს ემსახურება და საშუალებას იძლევა რაც შეიძლება მეტი დაავადებული გამოვლინდეს შემდგომი მკურნალობის მიზნით. ორსულთა გეგმიურ გამოკვლევებში სავალდებულო გახდა C ჰეპატიტის სკრინინგი, რის ხარჯებსაც სახელმწიფო ანაზღაურებს. ასევე სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევების თანადაფინანსება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე გრძელდება ექიმების ტრენინგები სერვისის ხარისხიანი მიწოდებისთვის.


კომპანია „გილეადმა"  2016 წლის გაზაფხულზე,  პროექტის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე ხელი  მოაწერა პროგრამის გაგრძელების 10 წლიან ხელშეკრულებას.


სახელმწიფო აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას დაავადებასთან და შეასრულებს პროგრამის მთავარ მისიას- C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციას საქართველოში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner