ვაკის მე-2 ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების" და მისი, როგორც მაჟორიტარის გამარჯვება დადგება.
„ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა კონკურენტს პატივს ვცემ და ჩემთვის სუსტი და ძლიერი კონკურენტი არ არსებობს. როცა ბრძოლის ველზე შედიხარ, არ გაქვს იმის უფლება, მოწინააღმდეგე სუსტად შეაფასო, რადგან შესაძლოა, ამის გამო დაისაჯო. ასე რომ, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ის, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების" და ჩემი, როგორც მაჟორიტარის გამარჯვება დადგება, ამაში ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა გეგიძემ.
ბიძინა გეგიძემ დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ქალაქის გენერალურ გეგმას პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება. არქიტექტორები, ურბანისტები, მშენებლები, დეველოპერები და ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ კანონი დავიცვათ ისევე, როგორც მოძრაობის წესები. რაც შეეხება ეკოლოგიას, აქ ჩემი მთავარი მესიჯი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ჩვენ მწვანე, სუფთა ვაკე გვჭირდება, სადაც ჯანსაღი ცხოვრების გაცილებით მეტი სივრცე იქნება", - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.