ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე განაცხადა, რომ მან ფორუმზე რომან გოცირიძეც და სხვებიც მიიწვია, თუმცა ექს-პრემიერის თქმით, მათი არმოსვლის მიზეზი გაუბედაობაა.
კითხვაზე, რას უპასუხებს ის რომან გოცირიძეს, რომელმაც თავად მიიწვია ბიძინა ივანიშვილი დღეს, 12:00 საათზე ეკონომიკურ ფორუმზე, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ეს გოცირიძის ერთ-ერთი „ტრიუკი" იყო.
„ეს იმას ჰგავს, რაზეც ახლა შრომობს გიორგი კვირიკაშვილი, ინიციატივას ვგულისხმობ, რომ შეკრებისა და თავყრილობების დროს, იქ მეორე პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა. ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორჯერ შემოძვრა და რომ ნახა, მე ვიყავი, იმ წუთში გაიპარა. ბიზნესთან ვერ ბედავს საქმეს, ვერ ბედავს პროფესიონალებთან, დადის და ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. ძირითადად სიცრუეზეა დაფუძნებული მისი ყველა გამოსვლა.
დღევანდელი მისი ტრიუკიც თუ მართლა ასეა, რომ თვითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ეს სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს, ადამიანებს, რომლებსაც მართლაც უჭირთ, ოღონდ რა თქმა უნდა, ამაში ხელისუფლების დანაშაული არ არის, ცდილობენ, ის, რაც ობიექტურად არის და მთავრობა ვერ მოახერხებდა, მთავრობას დააბრალონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.