გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოში ადგილობრივებთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის პროგრამაზე. მისი თქმით, 200 000-ზე მეტი ადამიანი არის დაავადებული ამ სენით.
„ჩვენ დავიწყეთ ასევე უპრეცედეტო პროექტის განხორციელება, ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 200 000 მეტი ადამიანი არის დაავადებული ამ მძიმე სენით. საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს. ძალიან ძვირი ჯდება მკურნალობა, ერთი მედიკამენტი დაახლოებით 65 000 ამერიკული დოლარი ღირს და ამ ადამიანებს არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს მედიკამენტები შეიძინონ და იმკურნალონ. დღეს უკვე დაახლოებით 10 000 ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ისინი სრულიად განიკურნენ. ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ 4 წლის თავზე, შევძლებთ, რომ საქართველოში არ გვეყოლება არც ერთი ადამიანი ამ მძიმე სენით დაავადებული. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თითოეულ მათგანს, სრულიად ჯანმრთელს, სრულიად ჯანსაღებს დავუბრუნებთ თავიანთ ოჯახებს და საზოგადოებას",- განაცხადა კახა კალაძემ.