„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, დედოფლისწყაროელებთან სიტყვით გამოსვლისას ირაკლი შიოლაშვილმა კახეთის რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
„მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ პრემიერს ჩამობრძანებისთვის, ამ დიდი ნდობისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, რომელთან ერთადაც ჩვენ ვიმუშავეთ, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩემი სახით, როცა ვიყავი გუბერნატორი, როცა ვიყავი გამგებელი.
დიახ, ჩვენ ვთქვით და პირველი რაიონი იყო დედოფლისწყარო, სადაც საბავშვო ბაღები გავხადეთ უფასო. სწორედ დედოფლისწყაროდან მიეცა საფუძველი უფასო ბაგა-ბაღებს. 3 თვის შემდეგ უკვე მთელ საქართველოში საბავშო ბაღები გახდა უფასო და ეს თქვენთან ერთად, დედოფლისწყაროელებთან ერთად გავაკეთეთ. მოვყევით და ყველა სკოლას ხელი დავატყვეთ. განსაკუთრებით მინდა ვთქვა, ჩვენ შევქმენით კახეთისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. სისტემა, რომელმაც, თუნდაც რამდენიმე დღის წინ სრულიად კახეთი დაიცვა ძალიან დიდი საშიშროებისგან.
ჩვენ ვიყავით და ვართ ის მთავრობა, რომელმაც მილების ამოღებისა და ჯართში ჩაბარების ნაცვლად დაიწყო მელიორაციის სისტემის აღდგენა. თუ გვინდა მაღალმოსავლიანი კახეთი, აუცილებელია მელიორაციის სიტემებზე მუშაობა. დიახ, ჩვენ შევძელით ის, რომ იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ ყოფილა, ბატონ კახა კალაძესთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად, რამდენიმე სოფელში, ნანატრი ელექტროენერგია მივიყვანეთ. დიახ, ჩვენ შევძელით ის, რომ რამდენიმე სოფელში, სადაც ბუნებრივი აირი საერთოდ არ ყოფილა, ამ სოფლების გაზიფიცირება მოვახდინეთ. ამასთან, დარწუნებული ვარ, რომ ქედების ზონაში, ჩვენ ძალიან მალე ბუნებრივი აირი გვექნება.
ჩვენი მომავალი სამუშაო გეგმა იქნება, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩვენს მხარეში. ეს იქნება გამოცოცხლება ჩვენი კუთხის და ჩვენი მხარის", - აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება ასევე გაამახვილა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ სახელწმიფო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მთავრობამ საკუთარი დანაპირები შეასრულა - დედოფლისწყაროში ახალი საავადმყოფო იხსნება.