„მიხარია, ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. პირველ რიგში, მინდა თითოეულ თქვენგანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წლიდან დავიწყეთ, თუმცა დამეთახმებით იმაში, რომ ბრძოლა დემოკრატიისთვის ბოლომდე არ არის მიყვანილი", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ერთიანობითა და „ქართული ოცნების" გამარჯვებით, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გაგრძელდება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი გადასალახი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს სრულიად საქართველომ გააკეთა, ასევე არჩევნების გზით, ცივილიზებული გზით, ჩვენ მოვახერხებთ 8 ოქტომბერს გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების" გამარჯვება. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს, თქვენთან ერთად დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება, როგორი მიდგომა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებული იყო თითოეული ჩვენგანის მიმართ. ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე როგორი შანტაჟი მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით ეს ყველაფერი ღირსეულად, თავაწეულებმა გამოვიარეთ და არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით მივაღწიეთ გამარჯვებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსის თქმითვე, „ქართული ოცნების" გუნდს მომავალი ოთხი წლისთვის მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგემა აქვს.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, დარგების მიხედვით ბევრი გაკეთდა. ასევე კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილნი ვართ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რაიონებში, ქალაქებში,სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს და გარწმუნებთ იმაში, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება" გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ პრობლემების მოგვარების. ამიტომ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, გთხოვოთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს დავირაზმოთ ყველანი და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის ვანდობთ ხვალ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი მიიღებს და გააკეთებს სწორ არჩევანს, ეს არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენს ბრძოლით მონაპოვარს ვერავინ ვერ წაგვართმევს. პარტია „ქართული ოცნება" იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს. რაც მთავარია, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველების შემცირება, შესაძლებელი იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა, თითოეულ ჩვენგანში უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი არის გარდაუვალი. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებით თქვენთან ერთად კეთილდღეობას მიიღებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება ჰქვია", - განაცხადა კახა კალაძემ.