logo_geo
eng_logo
სოფელ ველისციხეში ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა
- +

24 სექტემბერი. 2016. 21:10



სოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.


კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელს, ზურაბ ჩხაიძეს საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისთვის.

 

„საქართველო, მოგეხსენებათ, ცნობილია, როგორც მეღვინეობის აკვანი და ნამდვილად საამაყოა, რომ კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), ზურა ჩხაიძის მეთაურობით, აკეთებს ასეთ მამულიშვილურ პროექტებს. ეს მართლაც მამულიშვილური პროექტია, როცა გადახედავ ამ მიდამოს და დაინახავ ტრადიციებით მოწყობილ ღვინის ქარხანას და დღეს უკვე გაიხსნა ახალი სპირტის სახდელი საწარმო, რომელიც იმუშავებს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის,რომ საქართველოში შეიქმნას დოვლათი და აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ეს კიდევ ბევრ მევენახეს მისცემს სტიმულს, რომ გააშენოს ვენახი,მოიყვანოს თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის ყურძენი და შემდეგ რეალიზება მოახდინოს,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დაიწყო სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება, რამაც სასიკეთო შედეგი უკვე გამოიღო.


„დღეს ქართველი კაცი მობრუნდა სოფლისკენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც დაბრუნდა სოფლად და სხვადასხვა სახის საწარმოებს ხსნიან. ეს არის მეღვინეობის, მეცხოველეობის მიმართულებით გადამამუშავებელი წარმოებები და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად, რადგან ამ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია. აქ აღინიშნა ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ნამდვილად დიდი კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპასთან მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რომლის ნაწილიც არის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება.იზრდება ექსპორტი ევროპის მიმართულებით, რუსეთის ბაზარი გაიხსნა, რაც სასიხარულოა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველო თანდათან ხდება საექსპორტო ქვეყანა.


„საქართველო ხდება ნამდვილად საექსპორტო ქვეყანა, არა მარტო ღვინის, არამედ ცნობადობასთან ერთად, და ერთვება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რითიც ჩვენ უნდა ვიამაყოთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ბანკს და მათი სახით საბანკო სექტორს, რომლებმაც აიტაცეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და ალღო აუღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


KTW-ს ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით აღჭურვილ ქარხანას, 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. ახალი წარმოებისთვის 7 მილიონი ლარის ინვესტიცია, საქართველოს ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. "KTW ჯგუფის" პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner