„თუ ვინმეს ერთი აგური დაუდია ამ ქვეყნის აღმშნებლობასა და წინსვლაში, მეც მინდა მეორე დავდო. გარკვეული პერიოდი საჯარო სამსახურში ვმუშაობდი. დღესდღეობით ვარ ბიზნესში და გარკვეული გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. ბიზნესში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე, არაერთი ადამიანი დავასაქმე და ქვეყნის ბიუჯეტშიც ჩემი წვლილი შევიტანე.
ვიფიქრე, რომ თუ იმის საშუალება იქნებოდა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ქვეყნის აღმშენებლობაში, ამაზე უარი არ მეთქვა.
შეხვედრა მქონდა ბატონ კახი კალაძესთან. ვისაუბრეთ ყველაფერზე და გადაწყდა, რომ ვყოფილიყავი თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი", - აცხადებს „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი.
„მე სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომებში ვმონაწილოებდი. ორივე ომში ვიყავი პოზიციებზე და ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოს გაერთიანებისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. მესმის, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ბევრი რამაა მოსაგვარებელი და გასაკეთებელი, მაგრამ მე პირადად, ასი ცხოვრება რომ მქონოდა, ასივეჯერ ქართველად და საქართველოში დაბადებას ვისურვებდი", - აღნიშნა ჩანქსელიანმა.
- თქვენი ამომრჩეველი ძალიან მრავალფეროვანია. ეროვნული უმცირესობა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, ეკომიგრანტები... ადამიანები, რომელებიც არც ისე ცოტა პრობლემის წინაშე დგანან. შესწავლილი გაქვთ მათი პრობლემები? არც ისე მარტივი იქნება მათი მოგვარება.
- დავიწყებ იქიდან, რომ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და იმის შიში საერთოდ არ მაქვს, რომ თავს ვერ გავართმევ საქმიანობას ამ რაიონში. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებ. ეს საკითხი ჩემთვის საეჭვოდ არ დგას. მთელი ცხოვრების მანძილზე მქონია ურთიერთობები ხალხთან და ამის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. მინდა, ჩემი გამოცდილება გავუზიარო მათ და ამ რაიონის ყველა საჭირბოროტო საკითხი გავითავისო და მათთან ერთად გადავწყვიტო პრობლემები.
მინდა, გითხრათ, რომ ამ რაიონში ბევრი რამეა გაკეთებული ამ 4 წლის განმავლობაში: გაყვანილია გზები სოფლებში, 2 მილიონი ჩაიდო თეთრიწყაროში, რომ წყლის პრობლემა მოგვარებულიყო.
უამრავი სოფლის გაზიფიცირება მოხდა. ნაწილია დარჩენილი და კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები.
დაუსრულებელია საქმეებიცაა, რა თქმა უნდა, და მე ჩავერთვები ამ პრობლემების მოგვარებაში. ზოგიერთი წამოწყებულ თუ წამოსაწყებ საქმეებს ბოლომდე მივიყვან.
მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან... არ მიყვარს ეს სიტყვა, რადგან საქართველოში ვარ და დევნილად არ ვგრძნობ თავს. გავიზარდე ქართველებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, უკრაინელებთან, რუსებთან ერთად და მათთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მე თითოეული ჩემი ამომრჩევლის პრობლემის მიმტანი ვიქნები საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში, ასევე მთავრობასა და ყველა უწყებაში.
- თქვენს ოპონენტთან ბრძოლის რა სტრატეგია გექნებათ?
- ჩვეულებრივი, დემოკრატიული გზით ვაპირებთ ბრძოლას, ამ ბრძოლაში გამარჯვების იმედი ყველას გვაქვს. ვფიქრობ, რომ დიდი უპირატესობით დავამარცხებ ჩემს ოპონენტს.
როგორც გოდერძი ჩანქსელიანი აცხადებს, რაიონში დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ ეს საკითხი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემთხვევაში მოწესრიგდება.
- ვფიქრობ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, კონკრეტულად ფერმერული მიმართულებით, სახნავ-სათესების მიმართულებით, მეცხოველეობის მიმართულებით. ძალიან შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს ამ რაიონში და დარწმუნებული ვარ, შედეგიც გვექნება.
მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდების დასაქმებას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ამით შევაჩერებთ მიგრაციას ქალაქის მიმართულებით. რაც მთავარია, ამ რაიონს აქვს უდიდესი პოტენციალი.
შემოვლილი მაქვს საქართველოს ყველა კუთხე და არცერთს ჩამორჩება სილამაზით თეთრიწყარო, ქვემო ქართლში ერთ-ერთი ლამაზი რაიონია. ინფრასტრუქტურის მოწყობის და ყველა ამ ადგილის ათვისების შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ვაქციოთ ტურისტულ ზონად.
- რა არის რაიონისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემა დღესდღეობით? თქვენი პრიორიტეტი რომელი საკითხის მოგვარება იქნება?
- პირველი საზრუნავი იქნება ის, რომ რაიონს ჰქონდეს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფო. ასეთი არ არის რაიონში, რაც ძალიან ცუდია. ადამიანი ცუდად რომ გახდეს, თბილისში უნდა ჩამოვიყვანოთ. შეიძლება აქ პირველადი დახმარება გაუწიონ, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება.
რაიონში არ არის არცერთი ნორმალური სასტუმრო, ალბათ ამაზეც იქნება საზრუნავი.
- ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" წინა არჩევნების დროს არჩევანი გააკეთა საზოგადო მოღვაწეებზე, მსახიობებზე, მომღერლებზე, სპორტსმენებზე და ახლა ძირითად აქცენტს აკეთებენ ბიზნესმენებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად კარგად ჩამოყალიბებულ კადრებს ვერ პოულობენო. რა იტყოდით ამაზე?
- ვფიქრობ, „ოცნებას" პოლიტიკურად ჩამოყალიბებული კადრების პრობლემა არ აქვს. მე საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს. დღეს ვარ ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ მენეჯერობის გარკვეული გამოცდილება მაქვს.
ბიზნესმენები მიმაჩნია საქმის მკეთებელ ხალხად, რომლებიც აშენებენ ქართულ ეკონომიკას. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გარკვეულ სწორ გადაწყვეტილებებს მივაღებინებთ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს.
- რაიონებში, სოფლებში ძირითადად არც იცოდნენ, ვინ იყო მათი მაჟორიტარი, რეალურად ისმოდა ბევრი დაპირება, მაგრამ ისინი არც კი აკითხავდნენ იმ რაიონებს, რომლებმაც ხმა მისცეს. ასეთი იყო ძალიან ბევრი, „ქართული ოცნებიდანაც" და სხვა პარტიებიდანაც. აძლევთ თქვენს ამომრჩეველს იმის პირობას, რომ ეს ბედი არ ელით?
- მე იმ ადამიანების კატეგორიას არ ვეკუთვნი, რამე ვთქვა და არ გავაკეთო, ამიტომ ჩემი დევიზი იქნება ასეთი: ვთქვა ნაკლები და ვაკეთო ბევრი. რასაც დავპირდები ხალხს, იმას შევასრულებ და ტყუილად არაფერს დავპირდები. ასე არ იქნება, ჩემს ამომრჩეველთან თავს არ შევირცხვენ.