ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შესახებ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 8 ივნისს, კამპანიის ღონისძიებები შეზღუდული და მცირემასშტაბიანი იყო; დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, როგორებიცაა შეტაკება კამპანიის თანამშრომელბს შორის, ასევე პარტიის ოფისების და საარჩევნო მასალების დაზიანება.
„ჯერჯერობით „ქართული ოცნება" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე მეტად ცნობადი პარტიებია. მასმედიაში ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მუდმივი სიტყვიერი დაპირისპირებები ფიქსირდება. წინასაარჩევნო პერიოდში რეგულარული ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნა არსებობს და სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ რამდენად არის დაკმაყოფილებული პარტიის და კამპანიის დაფინანსების რეგულაციები, ასევე ის პოტენციურ დარღვევებსაც იძიებს. ბოლოდროინდელი ცვლილებებით, ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მიერ იყო გაცემული.
მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზეა ინციდენტები ზოგიერთ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით უფასო საეთერო დრო შემცირდა, რომელიც კვალიფიციური სუბიექტებისთვის იყო გამოყოფილი საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებზე, რაც მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისთვის შეშფოთების საგანი გახდა", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრს, ცესკო-ს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ ასევე კონტაქტები დაამყარა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მასმედიის წარმომადგენლებსა და არჩევნებში მონაწილე სხვა მხარეებთან.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აპირებს დელეგატების გამოგზავნას, რათა კენჭისყრის დღეს დააკვირდნენ. იგნასიო სანჩეს ამორი ეუთო-ს თავმჯდომარემ სპეციალურ კოორდინატორად და ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშნა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ ბრიფინგები გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციებისთვის.
კენჭისყრის დღეს დაკვირვება ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდება", - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.