logo_geo
eng_logo
„განმუხურიდან ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა“
- +

26 სექტემბერი. 2016. 18:41



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში, ბოტანიკური ბაღისა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ დადგა დრო, ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე, ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არ გააჩნია.



კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს გაიხსენა, რომ ხვალ საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული - სოხუმის დაცემის დღეა.



ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მთავრობის მეთაურმა ყოფილი პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინადადება უნიკალურია.



ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner