„არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც არ მალავენ, მაგრამ არავის არ გამოუვა არეულობისა და რევოლუციების მოწყობა ქვეყანაში", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე "თავისუფალი ზონის" გლდანის განყოფილების ყოფილი წევრების განაცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს.
„არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც არ მალავენ - არც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლებში, ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელი. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, არავის ქვეყანაში არ გამოუვა არეულობისა და რევოლუციების მოწყობა.
არსებობს უფრო თანამედროვე და ცივილური გზა - არჩევნები. აღარ არის ის დრო, როცა აპრობირებული მეთოდი იყო ქვების სროლა, ხელკეტებით სირბილი და ა.შ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოსახლეობას გააცნოს საარჩევნო პროგრამა და მოსახლეობა თავად გააკეთებს არჩევანს. ვერავინ გაბედავს რევოლუციების თუ გადატრიალების მოწყობას, რადგან სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს", - განაცხადა კალაძემ.