აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა, იყო ინფორმაცია დაშინების ფაქტებზე.
„ჩემი მოსაზრებით, გარემო აქამდე ძალიან კარგი იყო. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ამ არჩევნებს, რადგან გვსურს ის, რაც სურთ ქართველებს - არჩევნები, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს. ჩვენც და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ იყო დაშინების ფაქტები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ საქართველოს მთავრობას ვაცნობეთ", -განაცხადა იან კელიმ.
მისი თქმით, დამკვირვებლების უმრავლესობა თანხმდება, რომ წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მშვიდია და ირწმუნება, რომ არჩევნები წარმატებულად ჩაივლის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს პოლიტიკური პარტიების იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მოსალოდნელია პროვოკაციები, მისი თქმით, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესში შედის.
„არჩევნების დღეს საქართველოში ათასობით დამკვირვებელი იქნება. საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაქსიმალურად თავისუფალი დაშინებისგან და ძალადობის ფაქტებისგან", - განაცხადა იან კელიმ.