საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგო.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გაწირა, რათა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო დარჩეს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი. საქართველომ გააკეთა არჩევანი, გახდეს დემოკრატიული ერების საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, რომლებმაც თავი გაწირეს 20 წელზე მეტი ხნის წინ აფხაზეთში. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს არჩევანს, აფასებს მის მიღწევებს და იდგება საქართველოს გვერდით დასავლურ საზოგადოებაში მის სრულ ინტეგრაციამდე", - განაცხადა იან კელიმ.