პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი „სათადარიგო მოთამაშეა".
კობახიძის განცხადებით, გუნდში ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა და არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ვფიქრობ, ირაკლის აქვს ძალიან დიდი ნდობა საზოგადოებისგან და პოტენციალი, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტად. ამას კიდევ დრო სჭირდება. ბატონი ირაკლის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, „ქართული ოცნებისთვის" ის იქნება მისაღები და მხარდაჭერილი თანაგუნდელებისგან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, თანაგუნდელი და თანამებრძოლი, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ არის.