„არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და გეგმები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ვერ იქნება რეალიზებული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს" ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ვოლსკის თქმით, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ნებისმიერ დროს სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ არეულობა აღკვეთოს.
„რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და ის გეგმები, რომელიც არსებობს, ვერ იქნება რეალიზებული, ვინაიდან საზოგადოება ამისთვის მზად არის და ზოგადად ამ ყველაფრის ორგანიზატორებიც ძალიან შორს არიან და მოწყვეტილი არიან რეალობას", - განაცხადა ვოლსკიმ.
ინტერნეტსივრცეში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.