logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვაჟღერებ გზავნილს აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა
- +

27 სექტემბერი. 2016. 13:57


 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება, ანალოგიური სასტუმროს აშენებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ტერიტორიაზე, წინ გადადგმული ნაბიჯია აფხაზ ძმებთან ურთიერთობის საკითხში.


„ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადება მოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც.

 

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. ეს ნაბიჯიც ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას.

 

ეს არის უკვე კონკრეტული წინადადება, რომ ჩვენი აფხაზი ძმები გავხადოთ ჩვენი განვითარების მონაწილე და თანაზიარი. აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner