აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ილინოისის შტატის კონგრესმენი ადამ კინზინგერი კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ მიღებული რეზოლუციის თაობაზე სიტყვით გამოვიდა.
კონგრესმენმა რეზოლუციას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა და საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული განვითარების კუთხით. მისი თქმით, საქართველოს განვითარება რეგიონისთვის მძლავრ მაგალითს წარმოადგენს.
საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. კონგრესმენის თქმით, მომავალში რუსეთისგან მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან რეგიონში მისი დემოკრატიული მოკავშირეების მხარდაჭერა.
კონგრესმენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან მტკიცე გზავნილების გაჟღერების მნიშვნელობას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ არასოდეს შევურიგდებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ მოვუწოდოთ რუსეთს ფედერაციას, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული რეგიონებიდან", - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
2016 წლის 9 აგვისტოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 6-ის წინააღმდეგ.