გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ცენტრალური საარჩევნო კომისიას პირველად ეწვია. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ელჩი საქართველოში რამდენიმე კვირას დარჩება და არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს დააკავირდება.
„გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ცესკოს დღეს პირველად ეწვია. ის საქართველოში სულ რამდენიმე კვირის ჩამოსულია. მე განცვიფრებული დავრჩი, მან საქართველოზე უკვე იმდენი რამ იცის. ამავდროულად, ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. ბატონ ელჩს აინტერესებდა არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები, რომ ჩემგან მოესმინა მიმდინარე თუ უკვე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე მან გამოხატა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოში მშვიდობიანად ჩასატარებელი არჩევნების კუთხით და ამომრჩეველთა აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ქართულ ენაზე გააკეთა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.
„ვფიქრობ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, სააარჩევნო გარემო დარჩება მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე", - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.