მაჟორიტარობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავებულია.
„იმდენად მშვიდი საარჩევნო გარემოა, რაღაც პერიოდში მეგონა, რომ არ ტარდებოდა არჩევნები. ველოდი, როდის დაიწყებოდა აქტიური წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან გახსოვთ, ალბათ, რომ ივლისი და აგვისტო საკმაოდ მდორედ მიმდინარეობდა. ახლა, ცოტა აქტიურ ფაზაში გადავედით, მაგრამ სხვა არჩევნებთან შედარებით, მედიასივრცე არის არა მხოლოდ ღია, არამედ, ძალიან თავისუფალი, რაც არ გვქონდა მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კონკურენციას, დამოუკიდებელი კანდიდატი ფიქრობს, რომ ყველა თანაბარია.
„მთავარი კონკურენტი არ გამაჩნია. არც იქნებოდა სწორი, დამესახელებინა, რადგან ყველა კანდიდატი არის თანასწორი. მყავს ბევრი კონკურენტი, რადგან ჩემს უბანში 10 მაჟორიტარობის კანდიდატი ვართ. ვთვლი, რომ მარტივი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.