„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენა კავშირში იყოს გავრცელებულ აუდიოჩანაწერის შინაარსთან, რომელშიც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ, განაცხადა, რომ ყოველთვის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ.
„ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ. რამდენიმე წლის წინ ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი დამალული. დაველოდოთ გამოძიებას. თუ რაიმე სახის თანხვედრა იქნება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაადგენს", - განაცხადა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.