საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების ქარტიის ამოქმედების და გორში სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ „ადგილობრივებს სიამაყე რომ აქვთ, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ნუ წავართმევთ და ნუ გავაღიზიანებთ".
მისი თქმით, სტალინის ძეგლი მუზეუმის ფარგლებში რომ იყოს, ნორმალურია.
„სტალინი ვისაც უყვარს, ეს ხალხი სტალინში ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოს ხედავს. გივი ბერიკაშვილის მონაყოლი ანეკდოტი გამახსენდა: კონკურსი ჩატარდა სტალინზე, ვინ უფრო მაგრად შეაფასებდა სტალინს, კონკურსი მოიგო კახელმა. დაბრუნდა სოფელში და ეკითხებიან, რა თქვი ასეთი სტალინზეო. რა ვთქვიო და როგორც ნახევრად სავსე ტიკს, ისე აჭანჭყარებდა მთელ მსოფლიოს 20-30 წლის განმავლობაშიო.
კომუნიზმის და სოციალიზმის იდეა მცდარი იყო და მას უამრავი ადამიანი შეეწირა. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეა და ამას ხალხი არ უნდა შეეწიროს. იმდენი ხალხი დაიხოცა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. თვითონ სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ, იყო მცდარი და მას ეწირებოდა ამდენი ხალხი. კრიმინალური იდეაა ეს. მარქსიზმის თანასწორობა ყველა ქვეყანამ უარყო და ცუდი გამოვლინება პოვა, მათ შორის საბჭოთა კავშირში. მარქსი კარგი ფილოსოფოსი იყო, მაგრამ მე არ ვეხები მის მიმდევრობას, თეორიაშივე დანაშაული იდო, რომ ადამიანს საკუთრების უფლებას ართმევდნენ და კიდევ უამრავი სხვა სიმახინჯეები იყო ჩადებული",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.