პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის განცხადებით, მიშა სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია, რას მიუსჯი და რას არ მიუსჯი, დადის და გრიალებს.
„ღმერთმა ნუ ქნას, ფაშიზმი დაბრუნდეს ამ ქვეყანაზე. ერთია ძალიან მთავარი, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა იწყებოდეს საწყალი ადამიანებიდან. არ შეიძლება, ადამიანებს არ ჰქონდეთ წამლისა და საჭმლის ფული. ჩვენი გაგებით, სომხებს 300 ლარი აქვთ პენსია, აზერბაიჯანელებს - 800 ლარი. აი, აქედან უნდა დაეწყოთ მუშაობა. კი, ბატონო, რაც ახლა ხდება სამედიცინო ხაზით, ეს ჩვენში ყოველთვის იყო იშვიათობა, დღეს ამდენი დაზღვეული ადამიანია ქვეყანაზე, ასეთი კარგი მინისტრი გვყავს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხან მეტყვიან ხოლმე, შენ კიდევ იმას იმეორებო... რას ვიმეორებ, კაცო, საწყალი ხალხი რომ მისახედია, ამას ლაპარაკი რად უნდა? მე ყველაზე ძალიან ის არ მომწონს, რომ „ნაციონალები" ამ ხელისუფლებას ისევ ებრძვიან და თანაც მაგრად. ამათ ყოველ წუთში უნდა უპასუხო. დღეს ხშირად ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას კულუარებიდან მართავსო, ხალხს ჭკუას არიგებსო... შეიძლება, ივანიშვილი თავის სამეგობროს ჭკუას არიგებდეს, რაღაცას ურჩევდეს, მაგრამ ეს რუსი ოლიგარქი კი არ არის, შენ რომ დაგიჩემებია, ეს არის ქართველი კაცი და მთელი ცხოვრება ქართულ საქმეებს აკეთებდა. არ შეიძლება, ამ ადამიანს დააბრალო ყველაფერი. შე კაი კაცო, შენ ძებნილი ადამიანი გმართავს ხან კიევიდან, ხან ნიუ-იორკიდან, ბიძინა ივანიშვილმა თავის მეგობრებს რჩევაც არ მისცეს? პატივცემულ მიშა სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია, რას მიუსჯი და რას არ მიუსჯი, დადის და გრიალებს. კულუარებიდან კი არა, ეს თახსირი რასაც უნდა, იმას აკეთებს და თავის ჯგუფს მართავს. ამაშია საქმე... ეს იმდენად მშიშარა კაცია, ვითომ არაფრის არ ეშინია. ამასაც შესანიშნავად თამაშობს.
აქ არის ხალხი, რომელმაც ამაზე ხმა უნდა ამოიღოს, ძმაო, უნდა დაიცვან საქართველო ამ თახსირებისგან, რომლებიც, როგორც იქნა, მოშორდნენ ამ ქვეყანას და ახლა კიდევ აპირებენ შემოსვლას. შემოვლენ? ესე იგი, ესენი არიან სუსტები და ვაი იმ საქართველოს! მე ხშირად ვამბობ, ქართველები ილიას ერი ვართ-მეთქი... ჩვენში დარჩეს და ილიას მკვლელი ერიც ვართ. ასე გამორჩეულად არაა საქმე, ძმაო! ამასწინათ ვაჟა-ფშაველას სურათებს ვათვალიერებდი... დავიჯერო, ქართველებს არ შეეძლოთ, მისთვის ერთი ჩოხა ეყიდათ? დახეულ ჩოხაშია გამოწყობილი, ეს საწყალი, ეს გენიოსი პიროვნება. მერე იტყვიან, ქართველები გამორჩეულები ვართო. აკაკიმ ტყუილად კი არ თქვა, ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოო?! ილიამ უარესი თქვა: ყველა ცრუი, ყველა ყრუიო! რა თქმა უნდა, ის ყველას არ გულისხმობდა, მაგრამ ასე შემოგვიძახა! ასეა დღესაც, ძმაო, ბევრ რამეში დავთრები გვაქვს არეული, უმადური ხალხი ვართ. დღეს ვინც ივანიშვილს აგინებს, მთელი 9 წლის განმავლობაში ხელფასს მისგან იღებდა. ამ კაცის დახმარებით გადარჩა ბევრი, ამ კაცის ფულით მოითქვა ბევრმა სული... აღარაფერს ვამბობ, როგორ ეხმარებოდა სააკაშვილს, მის მეუღლეს, დედას და ბებიასაც კი. შე კაი კაცო, სამების ამშენებელ კაცს რომ ოლიგარქს ეძახი, ადრე არ იყო ოლიგარქი, როცა ფულებს სცინცლავდი? ეგრე რატომ ლანძღავ, რატომ ხარ ასეთი თახსირი?! ნახე, რა ხდება ტელევიზიებში, პირდაპირ გაოცდები კაცი. უმადური ხალხი ვართ, უმადური და ეს არის ჩვენი უბედურება!" - აცხადებს ჯანსუღ ჩარკვიანი.