logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად 50 მილიონი ამერიკული დოლარია შემოტანილი
- +

30 სექტემბერი. 2016. 12:42


 

საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრო ბრეგაძემ „კვირას" პრესკლუბში განაცხადა, რომ საქართველოში „თბილისური მაიდნის" მოსაწყობად 50 მილიონი ამერიკული დოლარია შემოტანილი.


ბრეგაძის ინფორმაციით, დესტაბილიზაცია 9 ოქტომბრიდან დაიწყება. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, დესტაბილიზაციის მოწყობას სათავეში მიხეილ სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია და მეუღლე - სანდრა რულოვსი ჩაუდგებიან.

 

 

„მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად შემოტანილია 50 მილიონი დოლარი. პროცესები დასავლეთ საქართველოდან, მათი გეგმით, გადმოინაცვლებს დედაქალაქში და ყველაფერი დასრულდება ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლით. მე ამ ინფორმაციას პირველად ვაჟღერებ. ამ ყველაფრის დასაბუთება შემიძლია. „თბილისური მაიდნის" მოსაწყობად „ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ემზადება", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

ბრეგაძემ სამართალდამცავ ორგანოებს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ ყურადღებით მოეკიდონ ამ განცხადებას.

 

„მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მთელი გულისყურით მოეკიდონ ჩემს ამ განცხადებას, პოლიტიკურ პარტიებს კი ვურჩევ, არ ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან". მომავალ კვირას მე, ჩემი გუნდი და არასამთავრობო ორგანიზაციები შევიმუშავებთ კომუნიკეს, სადაც იქნება დაწერილი, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვთხოვთ ყველა პარტიას, ხელი მოაწერონ კომუნიკეს, რათა არ გაირკვეს, რომ ამ შავბნელ საქმეში „ნაციონალური მოძრაობას" ვინმე უდგას გვერდში", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner