„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა თემურ გვალიამ პარტია დატოვა.
თემურ გვალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწვეტილება მყისიერად არ მიუღია და ამაზე დაახლეობით ერთი თვე ფიქრობდა. ელოდა, რომ პარტიაში სიტუაცია გამოსწორდებოდა.
„პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" აღარ არსებობს და არის მხოლოდ პარტია „პაატა ბურჭულაძე - სატყუარა ხალხისთვის". მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს შტაბს, თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვეების განმავლობაში, ბრძოლაში მოგვყვებოდა. სამწუხაროდ, ყველა მოტყუებული აღმოვჩნდით.
ღირსება და პრინციპები არ მაძლევს საშუალებას, რომ ამ მართლაც ბინძურ თამაშში, ადამიანს, რომელსაც აღარ აინტერესებს არც პოლიტიკა, არც პარტია და არც ადამიანები, ვინც გვერდით ედგა, გავყვე ბოლომდე და მონაწილეობა მივიღო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საქმეში", - აღნიშნა გვალიამ.
მისი თქმით, პარტიაში რთული ფინანსური მდგომარეობაა, რადგან თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
„იყო კოლოსალურად მაღალი ხელფასები. პარტიის წევრებს ასიათასობით სესხი ააღებინეს და დაჰპირდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკან დაუბრუნებდნენ. ამ ადამიანების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. პარტიის ლიდერებს მაჟორიტარების ბედი საერთოდ არ აინტერესებს. მათ მხოლოდ ხმების გარკვეული რაოდენობა სჭირდებათ, რათა გადალახონ ბარიერი და მოხვდნენ პარლამენტში. მომთხოვეს, ჭიათურიდან 3000 ხმის მოტანა შესაბამისი მიზერული დაფინანსებით, მაშინ როცა მეორე ტურამდე რომ მივსულიყავი, სულ მცირე 6 500 ხმა მჭირდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონიშვილმა, ვაი-მრჩევლებთან ერთად, პარტიულ სიაში ადამიანებით ივაჭრა და ვაჭრობს ბოლომდე", - განაცხადა გვალიამ.
მისივე თქმით, მოძრაობისთვის მთავარ პრობლემად არა „გირჩთან" და სხვა პარტიებთან კოალიცია, არამედ თავად პაატა ბურჭულაძე გახდა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სიიდან „გირჩის" ამოღება და ფულის გამოძალვა წინასწარ იყო დაგეგმილი. ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია. ძალიან ვნანობ, რომ ამ პარტიაში თავიდანვე გავწევრიანდი და ამდენი ხნის განმავლობაში გვერდში ვედექი ბურჭულაძეს", - განაცხადა თემურ გვალიამ.