ავტორი მარიამ პაიჭაძე
რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალების" მხრიდან შესაძლო არეულობის მოწყობის შესახებ „რეპორტიორთან" საუბრობს და ამბობს, რომ მათ დღეს არ აქვთ მხარდაჭერა ხალხისგან და შესაბამისად, ისინი ვერანაირ გადატრიალებას ვერ მოაწყობენ.
„არეულობა, როგორც წესი, საზოგადოების მოთხოვნილებას, გაბრაზებას ან უიმედობას ეფუძნება. პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ მოაწყობს ვერანაირ არეულობას და გადატრიალებას, თუ მხარდაჭერა არ აქვს ხალხში. ამ იდეას ქართველ საზოგადოებაში მხარდაჭერა აღარ აქვს. ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე, საკუთარ შვილებზე, საკუთარ წარსულზე განიცადა ამ ტიპის უამრავი უბედურება. ამიტომ, არა მგონია, რომ ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მაინც იყოს, ვინც ამას მხარს დაუჭერს. სხვა საქმეა, რომ მცდელობა არის შესაძლებელი და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ბნელი ძალაა მსოფლიოში, რომელიც ცდილობს, ამ ტიპის ტერორისტების ხელით საკუთარი ბნელი ზრახვები განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო კუთხე არის საქართველო. ნუ გვეგონება, რომ მხოლოდ კეთილგანწყობა არის საქართველოსადმი, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არიან, რა თქმა უნდა, მეგობრები ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც საქართველოში მაინცდამაინც მშვიდობა არ სურს. ეგეთი ძალები არიან, კარგად ფინანსდებიან, აქვთ მხარდაჭერა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. მცდელობა, დარწმუნებული ვარ, იქნება და ყველამ ვიცით მაგათი გეგმები, მაგრამ რამდენად განხორციელებადია, მაგაშია საქმე. ძალაუფლება ხელში ჰქონდათ და პანჩურებით გავყარეთ აქედან და ახლა რისი მაქნისები არიან, არ ვიცი. სხვა საქმეა, რომ ქართველი საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და ამ შემთხვევაში ერთადერთი წამალი, ერთადერთი გარანტია იმისა, რომ არაფერი მსგავსი არ მოხდება, ეს არის არჩევნები. ამიტომ, ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი. მადლობა ღმერთს, არჩევანის სიმწირე საქართველოში არ არის. ყველა არმისული ადამიანი რეალურად შანსს აძლევს ამ ბოროტი ზრახვების განხორციელებას. ყველა, ვინც არ მოდის არჩევნებზე, ხელს უწყობს სააკაშვილს, ბოკერიას, რურუას, ცისკარიშვილს, რომ ქართველი საზოგადოების კადაფიზაცია მოახდინონ", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.