logo_geo
eng_logo
რომის პაპი: ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია
- +

1 ოქტომბერი. 2016. 11:41



„ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია", - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სტადიონზე განაცხადა. როგორც რომის პაპმა აღნიშნა, „ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი".


„ნუგეშცემა, რომელიც ცხოვრების ორომტრიალში მყოფთ ასე გვჭირდება, სწორედ ესაა - ჩვენს გულში დავანებული ღმერთი. მისი ყოფნა ჩვენში არის წყარო ჭეშმარიტი ნუგეშისა, ჩვენში რომ ისადგურებს, ბოროტისაგან გვიხსნის, სიმშვიდითა და სიხარულით გვავსებს. ამიტომაც, ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი; და თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ. ნუგეშის კარნი მუდამ ღია უნდა გვქონდეს, რადგან იესოს იქიდან სჩვევია შემოსვლა. ასეთი კარია: სახარება, რომელსაც ყოველდღე ვკითხულობთ და მუდამ თან დაგვაქვს, ლოცვა სიჩუმესა და თაყვანისცემაში, აღსარება, ევქარისტია. სწორედ ამ კართა საშუალებით შემოდის ჩვენში უფალი და ყოველ საგანს ახლებურ გემოს ანიჭებს. ხოლო თუ გულის კარი დაკეტილია, აღარც უფლის ნათელი აღწევს და სიბნელეში ვრჩებით. შედეგად, ვვარდებით პესიმიზმში, ვეგუებით წარუმატებლობას, აღარ გვჯერა, რომ რამე შეიცვლება. ბოლოს კი ჩვენსავე სევდაში ვიძირებით, შფოთვის ჯურღმულებში ვიკეტებით, საკუთარ თავში ვმარტოვდებით. მაგრამ, ნუგეშის კარს თუ გავაღებთ, იქიდან უფლის სინათლე შემოიჭრება", - განაცხადა რომის პაპმა.


პაპის თქმით, ეკლესია ნუგეშის სახლია და აქ სურს ღმერთს ჩვენი ნუგეშისცემა.


„უამრავი ადამიანი იტანჯება, განიცდის შევიწროებასა და უსამართლობას, შფოთვებს შეუპყრია. მის გულს მალამო სჭირდება, უფლისეული ნუგეში, რომელიც გასაჭირიდან სრულად ვერ დაიხსნის, მაგრამ აღავსებს სიყვარულის ძალით, რომელიც ტკივილს მშვიდობიანად გადაატანინებს. ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია. ეს მოწოდება უნდა გავითავისოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, და არა ის, რომ ჩავიციკლოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ანდა ვიწუხოთ იმ ზოგიერთი უთანხმოების გამო, ჩვენს შორის რომ იჩენს თავს. ცუდია, როცა ჩაკეტილ საეკლესიო „მიკროკლიმატს" ვეგუებით; კარგია, როცა ვრცელ და იმედმომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით, თავმდაბალი გაბედულებით ვაღებთ კარს და გავდივართ საკუთარი თავიდან", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner