logo_geo
eng_logo
თამაზ ბაკურიძე: ავჭალის კოლონიაში მაღალჩინოსნები ხშირად მოდიოდნენ მკვლელებთან…
- +

1 ოქტომბერი. 2016. 15:36


 

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე „ნაციონალური მოძრაობის" დროს ავჭალის კოლონიაში მომხდარ ამბებს იხსენებს.


„როდესაც მე გადამიყვანეს ავჭალის კოლონიაში, მოხდა ისე, რომ შემთხვევით მოვხვდი სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით საკანში. საზოგადოებას შევახსენებ ამ ადამიანების გვარებს - გია ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ალექსანდრე ღაჭავა და ავთანდილ აფციაური. ისინი იყვნენ ისეთ განსაკუთრებულ პირობებში, როგორსაც ბევრი ინატრებდა გარეთ - ოთხივეს ჰქონდა ცალკე სველი წერტილი, კომპიუტერები, სამზარეულო და ასე შემდეგ. მოდიოდნენ ახლობლები, ნათესავები... მოდიოდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მათ ეთამაშებოდნენ ფეხბურთს. თუ ბურთი შორს გადავარდებოდა, ციხის ადმინისტრაციას მოჰქონდა. მე ალბათ განგებამ მომახვედრა იმ პერიოდში მათ სიახლოვეს, რომ შემდგომში ყველაფერი მეთქვა. მოკლედ, სპორტულ ჟინს რომ მოიკლავდნენ, მერე სხდებოდნენ, ქეიფობდნენ, ღრეობდნენ და ერთობოდნენ. გია ალანიასთან თავისუფლად დადიოდა ერთი ახალგაზრდა ქალი, ვითომ ინგლისურის მასწავლებელი, ისინი ჩაიკეტებოდნენ ხოლმე ციხის დირექტორის კაბინეტში და არავინ იცის, ინგლისურში მეცადინეობდნენ თუ სხვა რამეში. ღრეობის შემდეგ ტეხავდნენ სროლებს, მოჰყავდათ მეძავები, იყო გრიალი და სადღაც დილის 5 საათზე ეყრებოდნენ დასაძინებლად. რა თქმა უნდა, ჩვენც არ გვეძინა მაგათთან ერთად, ყურებში ხან თითები გვქონდა გარჭობილი, ხან კიდევ ბამბა, მაგრამ ეს მაინც არ გვშველოდა.

 

ძალიან ხშირად მოდიოდნენ ამ მკვლელებთან მეგის ქარდავა, გურამ დონაძე, სხვადასხვა ზონდერ-ბრიგადების ხელმძღვანელები. თუ გახსოვთ, ჯინსებიანმა „სპეცნაზელებმა" რომ დაარბიეს ხალხი 2007 წელს, მაგათი ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო გია ალანია და დირექტივებს იძლეოდა ციხიდან. ნოემბრის დარბევების დროს მასთან მოდიოდნენ ზონდერ-ბრიგადების ხელმძღვანელები და დეტალურად უყვებოდნენ, როგორ სცემდნენ ადამიანებს. განსაკუთრებით მახსოვს, როგორ იყვნენ აღფრთოვანებულები ავთანდილ ჯორბენაძისა და სოზარ სუბარის ცემით, ესენი ჰყვებოდნენ და კაიფობდნენ.

 

კიდევ ერთი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ირაკლი გიორგობიანი, ეგეც მოდიოდა მკვლელებთან.

 

როცა ბადრი პატარკაციშვილის საკითხი დადგა დღის წესრიგში, მათთან მოუხშირეს სიარულს კუდ-ის სამხარეო სამსახურების უფროსებმა, განსაკუთრებით აქტიურობდა დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა არჩაია. ესენი ხშირად მოდიოდნენ ღამე, ამ დროს სახეები ძალიან ცუდად ჩანდა, მაგრამ მათი ლაპარაკი საკმაოდ კარგად მესმოდა. ალანია აძლევდა დარიგებებს, ვინ როგორ უნდა ეცემათ, რომელი ბიზნესმენი როგორ უნდა აეგდოთ, რომ მერე დაეჭირათ. ერთი პატიმარი გავიდა ციხიდან, რომელიც ამათთან ძმაკაცობდა, მაგრამ მერე აღარ მოუკითხებია. ღამე მესმის ასეთი რაღაცა: ნახეთ, გარეთ გავიდა და ერთი „პერედაჩიც" კი არ შემოგვიგზავნა, ახლავე დარეკეთ კახასთან, რამდენიმე დღე ისევ შეაგდოს კამერაშიო. მოკლედ, ძალიან ბევრი ოპერაცია იგეგმებოდა ავჭალის კოლონიაში სწორედ ამ ოთხეულის მიერ.

 

როცა პატარკაციშვილი ძალიან გაეჩხირათ ყელში, მოსული იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და მიდის ასეთი საუბარი: ბოლო-ბოლო, რა პრობლემა გახდა ეს ბადრი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განეიტრალება თუ მოხერხდა, ეგ ვინ არისო? გადის დრო, კლავენ პატარკაციშვილს, მოდის ვიღაც, არ ვიცი, შეიძლება ერეკლე კოდუა იყო, რომელიც ჰყვება დეტალურად, როგორ მოიშორეს ბადრი. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ დაიგეგმა ოპერაცია და როგორ განხორციელდა. სხვათა შორის, გირგვლიანის ერთ-ერთი მკვლელის, ალექსანდრე ღაჭავას მამა და ერეკლე კოდუას დედა არიან და-ძმანი. საკმაოდ ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც შეიძლებოდა რაღაცის გარჩევა, ანუ როგორ დაგეგმეს ბადრის მკვლელობა, როგორ წავიდნენ ლონდონში, როგორ გაჩხრიკეს... ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ორგანიზებულია სააკაშვილის ხელისუფლების წევრების მიერ, ამ საქმეში გარეულები არიან მაღალი თანამდებობის პირები. ამას ვამტკიცებ ოთხეულის საუბრებიდან გამომდინარე. ფაქტობრივად, ბევრი რამე, რაც შემდგომში უნდა მომხდარიყო, უკვე წინასწარ ვიცოდი, მაგრამ ვის ვეტყოდი? მათ რომ სცოდნოდათ, რომ მე მათ გვერდით ვიჯექი საკანში, ჯერ ერთი, ამას არ დაუშვებდნენ და მეორეც - ასე ღიად არ ილაპარაკებდნენ. როდესაც არასამთავრობოებმა მე დამაფიქსირეს, როგორც პოლიტპატიმარი, ტელევიზიით გადაიცა, რომ შესაძლოა, გავთავისუფლებულიყავი. იმ დღეს ესენი დათვრნენ და დაიწყეს ბრახუნი კედელზე: თამაზ ბაკურიძე, შენ როგორ უნდა გახვიდე გარეთ და ჩვენ კიდევ დავრჩეთ?! მერე უნდოდათ საკანში შემოსვლა, დირექტორი დაიბარეს და დაუწყეს ლანძღვა, ეს რა გაგვიკეთე, ამას აქ რა უნდაო?! ეს არის 2008 წლის ნოემბერი. მლანძღავდნენ, იფურთხებოდნენ, ყვიროდნენ, სასწრაფოდ მოაშორეთ აქედანო. დირექტორმა უთხრა, ვერსად ვერ გადავიყვან, ეს საქმე უკვე გახმაურებულია, თან მაგასთან ხშირად „წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოდიან, უარესი ხმაური ატყდებაო.

 

ესენი რომ თვრებოდნენ, ხდებოდნენ უკონტროლოები, ერთხელ ღამით შეუცვივდნენ ირაკლი ბათიაშვილს, უნდა ეცემათ, მაგრამ პატიმრებმა გადაარჩინეს. ისიც მახსოვს, როგორ დაადეს კოლონიის დირექტორს შუბლზე იარაღი, თან დასცინოდნენ, ახლავე დარეკე დეპარტამენტში და უთხარი, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიო. მაშინ ერთ მეგობარ პატიმარს ვუთხარი, რა ვქნა, ავტეხო ერთი ამბავი-მეთქი? მან მირჩია, ამათთან ვერაფერს გააწყობ, სჯობს, ცოტა ხანს მოითმინოო. არადა, მოსვენება დავკარგე, თითქმის ყოველდღე თვრებოდნენ და მაგინებდნენ: თამაზ ბაკურიძე, შენი მკვდარი და ცოცხალიო! ა, მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, ამათ ამ ყველაფერს არ ვაპატიებ-მეთქი!" - იხსენებს თამაზ ბაკურიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner