2012 წლის 18 სექტემბერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების მე-2 სამმართველო. 18 საათი და 20 წუთი. აქ იწერება სცენარი „ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენიანი პირის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გამომძიებელი თეიმურაზ ბიჭოშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ლევან ფურცხვანიძეს ასეთ ყალბ აღიარებით ჩვენებაზე აწერინებს ხელს (სტილი დაცულია):
„მოგახსენებთ, რომ რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მუშაობის დროს მე გავიცანი ვლადიმერ (ლადო) ბედუკაძე, რომელიც იქ ოპერატიულ მორიგედ მუშაობდა. როცა მე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადმომიყვანეს, ეს პიროვნება იქაც დამხვდა ისევ ოპერატიულ მორიგედ. დაახლოებით 4-5 თვის წინ (თარიღი ზუსტად არ მახსოვს) სამსახურში ერთ-ერთი შეხვედრისას მან გამანდო, რომ ახლო ურთიერთობა დაამყარა იმჟამად პატიმრობაში მყოფ, კახეთის შსს მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან, გენერალ თამაზ თამაზაშვილთან. ამ პიროვნების სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკურ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი. თამაზ თამაზაშვილისთვის ვლადიმერ ბედუკაძეს უთქვამს, რომ მას ჰქონდა საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრები. თავის მხრივ კი ამ პატიმარს, ვლადიმერ ბედუკაძე დაუკავშირებია ირაკლი ღარიბაშვილთან. ვლადიმერ ბედუკაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ერთმანეთთან მოულაპარაკიათ, რომ დიდი ოდენობის ფულის გადახდის სანაცვლოდ, წამების ამსახველ ვიდეო კადრებს ირაკლი ღარიბაშვილის საშუალებით ლადო გადასცემდა დაინტერესებულ პირებს, რათა ისინი გაევრცელებინათ საჯაროდ. ამ სკანდალური მასალის გამოქვეყნებით კი სერიოზულ ზიანს მიაყენებდნენ არსებული ხელისუფლების პრესტიჟს. ამავე საუბარში ბედუკაძემ შემომთავაზა, რომ მეც მომეხდინა პატიმრების წამების კადრების გადაღება, რომელშიც სერიოზულ თანხას გადაიხდიდა ირაკლი ღარიბაშვილი და ეს ფული მისი (ე.ი. ვლადიმერ ბედუკაძის) საშუალებით გადმომეცემოდა. ვინაიდან მატერიალურად მიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ასეთი კადრები. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩემი თანამოსაუბრის განმარტებით, მას პატიმართა წამებებში ხშირად გამოყენებული ჰყავდა ჩვენი მე-8 დაწესებულების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა, შესაბამისად, მრავალი ვიდეო კადრიც ჰქონდა გადაღებული. მითხრა, რომ მე თავისუფლად შემეძლო ამ პირების მონაწილეობით ასეთივე სკანდალური ვიდეომასალის შექმნა. მე ვლადიმერ ბედუკაძეს მოველაპარაკე, რომ თუ შევქმნიდი ორი პატიმარის წამების მასშტაბურ კადრს, ჩემთვის უნდა გადაეხადათ 40 000 აშშ დოლარი, რომლის ნახევარიც წინასწარ უნდა მოეცათ ჩემთვის. რაც შეეხება მეორე ნახევარს - ეს ფული ჩანაწერის გაკეთების შემდეგ უნდა მიმეღო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ვ. ბედუკაძემ მითხრა, ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა კავშირზე, თუმცა ვინ იყვნენ ეს პირები, არ დაუკონკრეტებია. არც ის ვიცი, ვ. ბედუკაძისა თუ სხვა პირების მეშვეობით გადაიბირა ისინი. აღვნიშნავ, რომ პატიმართა წამების კადრების შესაქმნელად მე ხელსაყრელ დროს ველოდებოდი. თუმცაღა ვ. ბედუკაძე ჩემგან მოითხოვდა, რომ ეს გადაღების პროცესი დამეჩქარებინა. მისი სამსახურიდან გათავისუფლებამდე რამოდენიმე დღით ადრე (დაახლოებით ორი თვის წინ) მე ბედუკაძეს მოვთხოვე შეთანხმებული თანხის ნახევრის (ანუ 20 000 აშშ დოლარის) ჩემთვის გადმოცემა და დავარწმუნე, რომ წამების კადრებს რამოდენიმე დღეში შევქმნიდი. მართლაც, მეორე თუ მესამე დღეს, ვ. ბედუკაძემ გლდანში, მე-8 საპყრობილის მახლობლად, გადმომცა 20 000 აშშ დოლარი, ასევე ფარული ვიდეო და აუდიო გადამღები მოწყობილობა, რომელიც ჩვენ სამსახურებრივ მაისურში (უნიფორმაში) იყო ჩამაგრებული. მითითებული შეხვედრიდან ვ. ბედუკაძე მალევე, თუ არ ვცდები, ორ-სამ დღეში გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ამის შემდეგ მე გარკვეული დროის განმავლობაში ვერ მოვახერხე კადრების გადაღება. ჩემი უმოქმედობით განაწყენებული ვ. ბედუკაძე შემხვდა გლდანის მე-8 საპყრობილის მახლობლად და კატეგორიულად მომთხოვა, ან პატიმართა წამების ამსახველი კადრები გადამეცა მისთვის, ან თანხა უკან დამებრუნებინა. იქვე ამიხსნა, რომ სულ მალე დაიწყებოდა მის მიერ მოპოვებული სკანდალური კადრების გამოქვეყნება ტელევიზიით, რომელიც მას უკვე გადაცემული ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილისთვის. რაც შეეხება თვითონ ვ. ბედუკაძეს, იგი უსაფრთხოების მიზნით საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. საუბარში მან კიდევ ერთხელ დაჟინებით მომთხოვა, რომ უახლოეს დღეებში შემექმნა წამების ამსახველი კადრები და მასალები მისთვის საზღვარგარეთ ე.წ. „სკაიპით" გადამეგზავნა.
2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში (თარიღი ზუსტად არ მახსოვს) გლდანის მე-8 საპყრობილის 37-ე საკანში ისხდნენ პატიმრები ედემ წოწორია და რაშიდ გრიგორიანი, მე გადავწყვიტე, რომ შემექმნა ამ პატიმრების წამების ამსახველი კადრები. ჩემთან გამოვიძახე ბორის ფარულავა და ლევან ფხალაძე, მათ ვუთხარი, რომ აეღოთ ხელკეტები და წამომყოლოდნენ ზემოაღნიშნულ საკანში, საიდანაც თითქოს ხმაური გამოდიოდა. სამივენი შევედით საკანში, სადაც ჩემი მითითებით დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელკეტებით სცემეს და აწამეს პატიმრები. მე კი ამ პროცესს ფარულად ვიწერდი, მოპოვებული ვიდეომასალა გადავიტანე კომპიუტერის დისკზე და იგი ჩემთან სეიფში შევინახე. ამის შემდეგ მე დამაკავეს.
ჩემი სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას აღმოჩენილი მაისური, რომელშიც ჩამაგრებულია ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობა, გადმომცა ვლადიმერ ბედუკაძემ. 14 100 აშშ დოლარი არის იმ 20 000 დოლარიდან დარჩენილი თანხა, რომელიც ასევე ბედუკაძემ გადმომცა. რაც შეეხება დანარჩენ ფულს (ანუ 5 900 დოლარს), მე ის პირადი საჭიროებისთვის დავხარჯე. ჩხრეკისას ამოღებული დისკი, სადაც ასახულია პატიმრების ედემ წოწორიასა და რაშიდ გრიგორიანის წამების ამსახველი კადრები, ჩემს მიერ არის შექმნილი".
ლადო ბედუკაძე: „ლევან ფურცხვანიძე თანამშრომელი იყო და გახლდათ მაგ საქმეში ჩანერგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მას უთხრეს, შენ ლადოს ხელი დაადე, ღარიბაშვილს დავიჭერთ და მერე კაი თანამდებობაზე დაგნიშნავთო. აქ მთავარი იყო არჩევნების ჩაშლა. ფურცხვანიძე იმ პერიოდზე ლაპარაკობს, როცა საქართველოში არა ვარ, ამიტომ ვერაფერს ვერ გადავცემდი. სახლი არა მაქვს და ამიტომ ვინახავდი კაბინეტშიო. ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაცია, საქმე კარგად რომ წასვლოდათ, გამოუშვებდნენ და თანამდებობასაც მისცემდნენ. მაგათი სცენარის მიხედვით, ღარიბაშვილს რომ დააკავებდნენ, საქართველოში ჩამომიყვანდნენ და იგივე ჩვენებაზე მომაწერინებდნენ ხელს".