საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში ამომრჩეველს მოუწოდა, რომ 8 ოქტომბერს ყველა მათგანი მივიდეს იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება.
„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით გავიმარჯვებთ, ერთად დგომით გავიმარჯვებთ მთელი საქართველო. ეს არ იქნება მარტო „ქართული ოცნების" გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. სწორედ ამიტომ მინდა, რომ კიდევ ერთხელ გითხრათ - 8 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში, თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც, ჩვენ გვინდა ისე გავიმარჯვოთ, რომ ეს იყოს ნამდვილი, ძლიერი გამარჯვება ქვეყნის მოყვარული პოლიტიკური ძალისა იმ ძალაზე, რომელმაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დაწია, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები შეალამაზა ამ ქვეყანაში. ჩვენ უკან აღარ უნდა გადავდგათ ნაბიჯი. სწორედ ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ ერთად დგომა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანის სახელით მადლობა ვუთხრათ ზაზა ხუციშვილს იმ ამაღელვებელი მუსიკალური კლიპისთვის, რომელმაც ახალგაზრდული ძალა შესძინა ამ სიმღერას. 8 ოქტომბერს წყდება, თუ რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა, 8 ოქტომბერს წყდება, თუ რა ფასეულობებია მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენთვის თითოეული ადამიანის ღირსება არის ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოში აღარ უნდა იყოს უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანი, საქართველოში აღარც ერთი ბავშვის ცრემლი არ უნდა დაიღვაროს. საქართველოში შესაძლებელია კიდევ უფრო სწრაფი განვითარება ისე, რომ არ გადაიარო ქართველი ხალხის ზურგზე. ეს ყველაფერი შესაძლებელია, ეს ჩვენ დავამტკიცეთ, მაგრამ დღეს დღეს კიდევ უფრო სწრაფი, კიდევ უფრო ამბიციური, დიდი აღმშენებლობის გეგმები გვაქვს. ამიტომ გვჭირდება თქვენი მანდატი. ჩვენ არ გვჭირდება გაყალბებული არჩევნები, ჩვენ გვჭირდება გულით მოცემული ხმები, ჭეშმარიტი ნდობა იმისათვის, რომ მერე ეს ნდობა მივიტანოთ ღირსეულად 2020 წლამდე და გავამართლოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, როგორც თქვენმა მეგობარმა პირველ რიგში, რომ 8 ოქტომბერს ყველა ჩვენგანი მივიდეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება",- მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩევლებს.