საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, გახდეს განათლების სფეროში რეგიონული ლიდერი.
პედაგოგები დაინტერესდნენ, საქართველოს პოტენციალით, თუ რამდენად შესაძლებელია ქვეყანა გახდეს რეგიონული ლიდერი განათლების სფეროში.
პრემიერის თქმით, განათლების სფეროში რეგიონული ლიდერის სტატუსის მოსაპოვებად ხელისუფლება ბევრს აკეთებს და სამომავლოდაც ბევრი გეგმა აქვს.
„საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს გახდეს განათლების სფეროში რეგიონული ლიდერი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტული და ღია საზოგადოება. ასევე, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გამომდინარე გარკვეული ტრადიციებიდანაც, რომელიც დაგროვდა ქვეყანაში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით, მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავხდებით რეგიონული ცენტრი ძალიან პოპულარული და მიმზიდველი ქვეყანა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბევრი საერთაშორისო სტუდენტი ისწავლის.
ამ თემაზე ძალიან ბევრი მისაუბრია ალექსანდრე ჯეჯელავასთან და ბევრი კარგი იდეები აქვს ამ თვალსაზრისით. ჯერ მარტო ძალიან ბევრია ეთნიკური ქართველი ჩვენს გარშემო ქვეყნებში. მე მგონია, რომ ისიც, რომ მათზე გაკეთდეს გარკვეული აქცენტი და მოვიზიდოთ ჩვენს სასწავლებლებში, საინტერესო შეიძლება იყოს. მოგეხსენებათ ამისთვის კეთდება ინფრასტრუქტურა. უკვე დაანონსდა ძალიან დიდი უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელშიც 60 ათას სტუდენტს შეუძლია ისწავლოს. ასევე დაგვჭირდება პედაგოგების მომზადება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.