2 ოქტომბერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზარში იმყოფებოდა, სადაც მოვაჭრეებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გაესაუბრა. მოისმინა მათი წინასაარჩევნო განწყობა, პრობლემები და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. მოსახლეობა არჩევნებზე წასვლას და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას აპირებს. მოსახლეობის პრიორიტეტებია, ეკონომიკის გაჯანსაღება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და დასაქმება.
ველისცხის ბაზარი, რომელიც გზაგასაყარზე მდებარეობს, კახეთის 7 მუნიციპალიტეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობის და სავაჭრო ცენტრია. საუკუნეების წინ აქ დიდი აბრეშუმის გზის საქარავნე მარშრუტი გადიოდა და ველისციხეში მნიშვნელოვანი სავაჭრო მოედანი იყო. სურსათ-სანოვაგე ფარჩა-აბრეშუმზე იცვლებოდა, სანელებლები აქაური ოსტატების დამზადებულ ნივთებზე. აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე ქალაქური ტიპის დასახლება, სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელი იყო.
დღემდე, ველისციხეს შემორჩენილი აქვს იმ დიდი ურთიერთობების კვალი.
„თავისი მნიშვნელობით, ფუნქციით და ისტორიული დანიშნულებით ველისციხე დღესაც გამორჩეული დასახლებაა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპლექსური რესტავრაციის შემდეგ საქართველოში შესაძლებელია გაჩნდეს კიდევ ერთი ქალაქი-მუზეუმი.
ვიდრე ბაზარს ვესტუმრებოდი, კიდევ ერთხელ დავათვალიერე უმშვენიერესი ისტორიული ძეგლები და განუმეორებელი ტაძრები. შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას" - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილი აგრეთვე კაჭრეთში გამართულ, ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტსაც დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.