„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორში ირაკლი ოქრუაშვილზე მომხდარი თავდასხმის პოლიტიზება სწორი არაა.
კობახიძის ინფორმაციით, დაპირისპირება ოქრუაშვილის მხარდამჭერებსა და ერთ-ერთ მოსახლეს შორის მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. კობახიძის თქმით, ამ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი არ ედო საფუძვლად.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს, ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდოს.
„ინფორმაცია გვაქვს ასეთი: ირაკლი ოქრუაშვილს გორში ჰქონდა შეხვედრა და ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლესთან შელაპარაკება მოხდა. ამას მოჰყვა ინციდენტი. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილია 2 ადამიანი, ისინი ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერები არიან.
ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი აპირებს, ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდოს. რეალურად, იყო შელაპარაკება ადგილობრივ მოსახლესთან და ამ საკითხის პოლიტიზირება ნამდვილად არ იქნება სწორი",- აცხადებს კობახიძე.
კობახიძის თქმით, ინციდენტი დროულად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე დაისაჯოს.
შეგახსენებთ, რომ გორში სადგურის დასახლებაში, ირაკლი ოქრუაშილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რა დროსაც 2 ადამიანი დაიჭრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გორში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით, ერთი პიროვნებაა იდენტიფიცირებული.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 136-ე მუხლებით მიმდინარეობს.