პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" მორიგ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტიის წევრებს ნაქირავები ცენტრალური ოფისის დატოვება მოუხდათ, რადგან მეპატრონისთვის რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხდიათ. ცენტრალური ოფისისთვის 2-სართულიანი ფართი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ბურჭულაძის პარტიას კომპანია "რეალ ინვესტისგან" ჰქონდა დაქირავებული და ქირაში ყოველთვიურად 27 000 დოლარს იხდიდა.
AMBEBI.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანიის ხელმძღვანელს უშანგი ბუჩუკურს დაუკავშირდა:
- რა პირობებით მიაქირავეთ ოფისი პაატა ბურჭულაძის პარტიას და რამდენია მათი დავალიანება?
- პაატა ბურჭულაძემ ჩემგან ფართი რამდენიმე თვის წინ იქირავა. გადახდასთან დაკავშირებით, აქამდეც ჰქონდათ ხარვეზები, მაგრამ ამას ურთიერთშეთანხმებით ვარეგულირებდით. შეთანხმება გვქონდა ასეთი - ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ ქირა 27 000 დოლარის ექვივალენტი ლარში. მათ ორი სართული აქვთ დაქირავებული და მათი დავალიანება 54 000 დოლარია. აგვისტოს და სექტემბრის თანხა არ გადაუხდიათ.
- გქონდათ ბატონ პაატასთან შეხვედრა და საუბარი კუთვნილი თანხის ანაზღაურებაზე?
- თავად ბატონ პაატას არ შევხვედრივარ. შაბათს შევხვდი გიორგი თურქიას, რომელიც ბურჭულაძის პარტიაში ამ საკითხებს არეგულირებს. ორშაბათს უნდა გადაეხადათ თანხა. ვუთხარი სანამ დავალიანებას არ დაფარავთ ოფისში არ შეგიშვებთ და დაცვის ბიჭებთან გართულებებს ადგილი არ ჰქონდესთქო. მითხრა აგვისტოს თვის ქირას მაინც გადაგიხდითო და ასე დავშორდით.
როცა წამოვედი შეხვედრიდან, ოფისიდან დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა. დილით მანქანები რომ მიიყვანეს, დაცვამ დამირეკა და მივედი. ერთი მანქანა ახლაც ეზოში დგას დატვირთული, მეორე კი დავაცლევინე პარტიის წევრებს და ოფისში ავატანინე ნივთები. მათ არც უთქვამთ შეხვედრაზე ოფისიდან წასვლას რომ აპირებდნენ და გაპარვა გადაწყვიტეს. გაიტანეს სავარძლები, მაგიდები და ყველაფერი. მათ თვალწინ დავლუქე დღეს ოფისი. თუ არ გადაიხდის ჩემს კუთვნილ თანხას პაატა ბურჭულაძის პარტია ვუჩივლებ, ჩვენ ყველა დეტალი გაწერილი გვაქვს ხელშეკრულებაში.