„ფრაქციის შექმნის უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოს პარლამენტში და საზოგადოება ძალიან მალე გაისტუმრებს ამ მოძალადე, სადისტურ რეჟიმს წარსულში და არასოდეს დააბრუნებს ხელისუფლებაში",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა „თავისუფალი დემოკრატები" უნდა იყვნენ.
„მოდით, ვთქვათ, 5 - 5 ნომრით გამოდიან და 5 დეპუტატი ჰყავდეთ პარლამენტში, სიმბოლურად თუ ვიტყვით. მე ვფიქრობ, რომ ფრაქციის შექმნის უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოს პარლამენტში და საზოგადოება ძალიან მალე გაისტუმრებს ამ მოძალადე, სადისტურ რეჟიმს წარსულში და არასოდეს დააბრუნებს ხელისუფლებაში. მათ ძალიან მცირე მხარდაჭერა აქვთ. შესაბამისად, ეს იქნება ძალიან დაბალ წარმომადგენლობაში გამოსახული. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს", თუ „ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად ოპოზიციაში იქნება სხვა პარტია და თან პროდასავლური, რა თქმა უნდა, ეს იქნება მისასალმებელი. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქვია მთავარი ოპოზიციური ძალა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროგნოზის თანახმად, პროპორციულ არჩევნებში "ქართული ოცნება" 48-54%-ს მიიღებს, ხოლო მაჟორიტარულში კი - 60-70 კანდიდატს გაიყვანს, „თავისუფალ დემოკრატებს" კი საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვთ.